ზურაბ კალანდაძე - პოეტი, მხატვარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - თითქმის 25 წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას ახლახან 65 წელი შეუსრულდა. 
 დაახლოებით ხუთი წლის წინათ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მაია ნინიძემ ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“ (№8(216), 2014) გამოაქვეყნა ვრცელი წერილი ზურაბ კალანდაძის შესახებ, რომელშიც მისი შემოქმედება საინტერესოდ არის განხილული და  შეფასებული. მას მოჰყავს მრავალი უცხოელი სპეციალისტის მაღალი შეფასებანი მისი შემოქმედების შესახებ. 
 ამჯერად გთავაზობთ ჰოლანდიის ერთ-ერთი გამომცემლობის დირექტორის - ადა ფინკის შეხედულებას ზურაბ კალანდაძის პოეზიასა და მხატვრობას შორის ორგანულ კავშირსა და ჰარმონიაზე:
 „როცა ხელოვანის მოგონებები, ფიქრები და გრძნობები ერთმანეთთან ჰარმონიაში აღმოჩნდება, მას ზოგჯერ შთაგონება ხელოვნების ნიმუშად ამთლიანებს. ასე თანდათანობით, დროთა განმავლობაში შექმნილი ნამუშევრებით, აშკარავდება საზოგადოებისათვის მათი შემქმნელის შინაგანი სამყარო.
 ზურაბ კალანდაძის ნამუშევართა მიღმა ვრცელი სამყარო მოჩანს, რომელშიც ყველაზე მკაფიოდ დედა-სამშობლო და მშობლიური ენა, თავისი ქვეყნის ისტორიის სიღრმე და მდიდარი კულტურა იკვეთება („ჩემი ოცნების ულამაზეს ხეს ფესვები დედა-სამშობლოს წიაღში აქვს გადგმული“).
 მისი ნაწარმოებები სრული თავისუფლებითაა შექმნილი. ამავე დროს, ფასოვანებათა მტკიცე სისტემით და მრავალწლიანი შემოქმედებითი გამოცდილებითაა დახვეწილი. („რაც არ მომწონს, მას არ ვეტრფი... ვისაც ვნატრობ, მოდის ყველა“).
 მისი აზრით, ქართული ანბანი ერთადერთი სრულყოფილი საშუალებაა შინაგანი დინამიკის პოეტურად ასახვისათვის. მაგრამ აქვე დავძენთ: ხელოვნებათმცოდნეებმა - პ. ავგუსტინმა, მ. გერმანმა, ი. კონრადმა და სხვებმაც ადრიდანვე შენიშნეს, რომ ქართული ანბანის გრაციოზული დინამიკა და მოძრაობის რიტმი მკაფიოდაა ასახული მის მხატვრულ ნამუშევრებში. („ვხატავ ქართულ ორნამენტებს დედამიწის შესამკობად“).
 რაც ჩვენ გვხიბლავს, არის მისი აზრები უნივერსალურ თემებზე: მშვიდობა და თავისუფლება, ხელოვნება, მეგობრობა, ოჯახური ერთობა, მზრუნველობა, ჟამთა სვლის აღქმა. ეს ყველაფერი გარდატეხილია შემოქმედებითი გადაწყვეტილების პოზიტიურ პრიზმაში, იმის გათავისებით, რომ ხელოვნებას ხალხზე ზემოქმედება ძალუძს. („ხელთ გიპყრია უბასრესი მახვილი, - სიტყვა მჭრელი, სულით ნასათუთარი“).
 ამიტომაც უნდა ილტვოდეს ხელოვანი სამართლიანი მსოფლიოსკენ. („სიტყვა- სანთელი, სიმართლე - სინათლე“).
 კრიტიკოსები სვამენ კითხვას: ზურაბ კალანდაძის შემოქმედება დახატული ლექსებია თუ პოეტური ნახატები? მისი ნამუშევრების სტილისტურ მიმართულებად კი მითოპოეტური რეალიზმი სახელდება.
 ზურაბ კალანდაძე წარმატებით განაგრძობს ინტენსიურ  შემოქმედებით ცხოვრებას და თავისი საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ქართულ-ჰოლანდიურ ურთიერთობებში (ზოგადად კი ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გატანაში). 
 ვუსურვებთ ბატონ ზურაბ კალანდაძეს მომავალ დიდ შემოქმედებით წარმატებებს და აქვე  გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
  
 1. ბატონო ზურაბ, თქვენ საზღვარგარეთ მოღვაწე ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ბრძანდებით. გთხოვთ, ჩვენს მკითხველებს მოუთხროთ, როდის წახვედით საზღვარგარეთ და რა საქმიანობას ეწეოდით წასვლამდე.
 საზღვარგარეთ დროებით საცხოვრებლად წავედი. ეს იყო 1994 წლის სუსხიანი ზამთარი. ახლაც შევიგრძნობ იმ უცნაურ სიცივეს, რომელიც დროის ამ მონაკვეთს ახლდა. წასვლამდე ვმუშაობდი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, გამოქვეყნებული მქონდა  ლიტერატურული გამოკვლევებისა და ლექსების კრებულები. ასევე მქონდა მონაწილეობა მიღებული მხატვრული ნამუშევრების რამდენიმე გამოფენაში. 1989 წელს დავაფუძნე გამომცემლობა „მთაწმინდა“, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდა. 
 2. საზღვარგარეთ, როგორც ჩანს, არ მოგიწიათ საქმიანობის ნულიდან დაწყებამ. თქვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროფესიული ნაბიჯები გქონდათ გადადგმული საქართველოში. რას იტყვით?
 ვიტყვი იმას, რასაც ალბათ ყველა ემიგრანტი იტყვის: საზღვარგარეთ ცხოვრება არ არის ია-ვარდით მოფენილი. ქართველი კაცისთვის კი ფსიქოლოგიურადაც რთულია. სხვა ქვეყანაში დამკვიდრებას აიოლებს იმ ქვეყნის ენის, კულტურის, ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნა, სადაც ცხოვრობ, ეს კი მრავალწლიანი პროცესია. ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ენის ცოდნა და პროფესია - ხელოვნების მიმართულებით მუშაობა. ხელოვნება ინტერნაციონალურია თავისი ბუნებით და შედარებით ადვილად აღსაქმელი. აქვე მინდა გავიხსენო საუბარი ცნობილ ჰოლანდიელ მხატვართან და შესანიშნავ პიროვნებასთან - ქეის ბოლთან. ვკითხე: ჰოლანდიის რომელ პროვინციაში მირჩევ დასახლებას-მეთქი. გირჩევ, დასახლდე იქ, სადაც ერთი მეგობარი მაინც გყავსო, - მიპასუხა. მეგობართა წრემ დიდად შემიმსუბუქა სამშობლოდან მოცილებით ცხოვრება და გამიიოლა საქმიანობის დაწყება.
 3. როგორ აღიქვამენ ჰოლანდიელები თქვენს მხატვრობას, პოეზიას?
 ერთხელ ფრისლანდში (ჰოლანდიის პროვინცია) რადიოს ვუსმენდი. გამომსვლელმა ჩემი მცირე მოცულობის ლექსი წაიკითხა, რომელიც 2008 წლის ომის შეგრძნებებს ასახავდა და დასძინა: ამ ნაწარმოებში მინიშნება ჩანს შხევენინგეში (ჰააგასთანაა) მიმდინარე მოვლენებზე მეორე მსოფლიო ომის დროსო. როგორც იცით, მოსახლეობის მიერ მხატვრული ნამუშევრის აღქმა ინდივიდუალურია. ზოგადად კი აქაური მოსახლეობის საფუძველი ხელოვნების ნიმუშთა შეფასებისას ძირითადად არის ნაწარმოების ორიგინალურობა და მისი ტექნიკური ხარისხი. 
 4. გთხოვთ უფრო დაწვრილებით მოგვითხროთ თქვენი შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ ჰოლანდიაში. 
 ჰოლანდიაში ჩამოსვლიდან ოთხი თვის შემდეგ მოხერხდა სამხატვრო ნამუშევრების გამოფენის მოწყობა და ჰოლანდიურ ენაზე მცირე მოცულობის პოეტური კრებულის გამოცემა, სახელწოდებით „ცრემლები“. აქედან მოყოლებული დღემდე ჩატარდა 200-მდე გამოფენა და ორ ათეულამდე კრებული დაისტამბა. ხელოვანთა რამდენიმე კავშირის წევრობამ და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მომუშავე პირებთან თანამშრომლობამ უფრო მეტად საინტერესო გახადა პრაქტიკული საქმიანობა.
 ჰოლანდიაში საკმაოდ ინტენსიურ შემოქმედებით საქმიანობას ვეწევი. გამოქვეყნებულია ჩემი 20-ზე მეტი პოეტური და მხატვრული ნამუშევრების კრებული ჰოლანდიურ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე. ქართულ ენაზე მხოლოდ ბოლო წლებში გამოიცა ჩემი ორი პოეტური კრებული და ლიტერატურული პორტრეტების ერთი წიგნი „სამი პორტრეტი“. ჰოლანდიურ ენაზე გამოვეცი მცირე მოცულობის საინფორმაციო ხასიათის წიგნი „ქრისტიანობა საქართველოში“. საინტერესო გამოცემად მიმაჩნია კრებული „მფრინავი ფოთლები“, რომელშიც ჩემს ერთ ლექსს თან ახლავს ჩემივე მუსიკალური კომპოზიცია. ნაყოფიერი შემოქმედებითი თანამშრომლობა მაკავშირებს რამდენიმე ცნობილ პოეტთან და მხატვართან. მაგალითად, პოეტ ვილიამ კოკენის ლექსებითა და ჩემი ნახატებით გამოვიდა კრებულები - „წყლის ზედაპირზე“ და „სიტყვა და ფერწერა“. ასევე გამოიცა კრებული „გრძნობათა თეატრი“, რომელშიც შესულია პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მხატვრის ალექსი კვარაცხელიას ნახატები და ამ ნახატების თემებზე შექმნილი ჩემი ლექსები. ასევე გამოიცა კრებულები ფოტოხელოვან ფრედ ვესტერასთან და ქართველ მხატვარ ეკა ოკიაშვილთან ერთად. 
 2000 წელს დავაფუძნე სამხატვრო ჯგუფი „კონტრასტი“ ორ ჰოლანდიელ მხატვართან ერთად. მისი შექმნის ძირითადი მოტივი იყო მშვიდობისათვის ბრძოლა. ამ ჯგუფის საქმიანობა დადებითად იქნა შეფასებული ჰოლანდიის პარლამენტშიც. 
 5. თქვენ საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას ღებულობთ გამომცემლობა „მთაწმინდის“ საქმიანობაში, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს. რაში გამოიხატება ეს მონაწილეობა? 
 გამომცემლობა „მთაწმინდა“ დაფუძნებიდან სამ ათეულ წელს მოითვლის. მასში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ლიტერატურის არაერთი გამოჩენილი მკვლევარი. ათი წელია, რაც გამომცემლობა „მთაწმინდას“ ხელმძღვანელობს ჩემი შვილი გიორგი კალანდაძე, რომელიც ამავე დროს პროფესიონალურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც ეწევა. თუმცა „მთაწმინდაში“ ამჯერად მე მხოლოდ რედაქტორულ სამუშაოებს ვასრულებ, ეს საქმიანობა ჩემში ამყარებს ჩემს სამშობლოსთან ერთიანობის გრძნობას. მიხარია ისიც, რომ „მთაწმინდა“ კომერციული კომპრომისების გამო არასოდეს აცდენია მის ძირითად გეზს - ეროვნულ ფასეულობათა წარმოჩენა-გაცნობას.
 6. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ არაერთხელ მოაწყვეთ ქართველი მხატვრების გამოფენები ჰოლანდიაში, აგრეთვე სხვა ღონისძიებები ქართულ-ჰოლანდიური ურთიერთობების თვალსაზრისით. გთხოვთ ამის შესახებაც მოგვითხროთ.
 ქართულ-ჰოლანდიური ურთიერთობების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საზოგადოება „კიბულა“, რომელიც 1994 წელს დავაფუძნე ქალაქ დენ-ბოსში. მისი მეშვეობით მოეწყო ქართველ მხატვართა გამოფენები და ლექციები საქართველოს შესახებ როგორც ჰოლანდიაში, ასევე ბელგიასა და გერმანიაში.  ქართული კულტურის წარმოჩენის საქმეში დიდად შემიწყო ხელი კომპოზიტორმა იან ფანდაიკმა და პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ ვილიამ კოკენმა. შემდგომ წლებში როტერდამში დავაფუძნე საზოგადოება „მუზა“, რაშიც ძალიან შემიწყვეს ხელი ჩემმა ჰოლანდიელმა მეგობრებმა. ამ საზოგადოების თაოსნობით წლების მანძილზე ქართველ მხატვართა ნამუშევრების 40-მდე გამოფენა მოეწყო. 
 7. თქვენ ჰოლანდიურად და ინგლისურადაც სწერთ ლექსებს. როგორ ღებულობს მათ ჰოლანდიელი და ინგლისურენოვანი მკითხველი? 
 გარდა ჰოლანდიურისა და ინგლისურისა, რამდენიმე ლექსი რუსულადაც მაქვს დაწერილი. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ცოდნა ამ ენებისა საკმარისია ტექსტის სრულყოფილად, ლიტერატურულ დონეზე გამართვისათვის. მაგრამ რედაქტორის ჩართულობა მეტ-ნაკლებად სრულყოფს ტექსტის ხარისხს. 
 8. თქვენი მომავალი გეგმები როგორია? საქართველოში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ? 
 დიახ, აუცილებლად დავბრუნდები.