ხელთ გიპყრია უბასრესი მახვილი – სიტყვა მჭრელი, სულით ნასათუთარი; საუკუნეს ესმის შენი ძახილი, ადამიანს წრფელი სიტყვა უთხარი! ვერ მოზომავ მიზანს გულჩაკეტილი, ნუ დარჩები ოცნებების ამარა! ხმალი ეგე, მრუდედ გადმოსხლეტილი, მოძმეს ავნებს, დარდს ადენს ნიაღვარად. დედამიწა ბოროტისგან დაიცავ! – გაიქროლე და სიკეთედ მოედე! რაშმა შენმა დრო და სივრცე არ იცის, ხარ მხედარი გრძნობის, გქვია პოეტი. საუკუნეს ესმის შენი ძახილი, ადამიანს წრფელი სიტყვა უთხარი! ხელთ გიპყრია უბასრესი მახვილი – სიტყვა მჭრელი, სულით ნასათუთარი.