ზურაბ კალანდაძეს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს როგორც ტექსტოლოგს – ის არის გამომცემლობა „მთაწმინდის“ დამაარსებელი და რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი წიგნის შემდგენელი და რედაქტორ-გამომცემელი. მათ შორისაა: „ბიბლიის ლექსიკონი“ ორ ტომად; სასულიერო მოღვაწეების ნაშრომთა კრებული „საღმრთო სჯული (საკითხავი წიგნი)“; ღირსი ალექსის (შუშანია) პოეტური და პროზაული მემკვიდრეობის კრებული „საღმრთო წადილი"; არქიმანდრიტ პიროსის (ოქროპირიძე) „ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებანი“; იაკობ გოგებაშვილის „საღმრთო ისტორია“; პავლე რაზიკაშვილის „დარიგებანი“; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 2010 წლის ქადაგებები; მიტროპოლიტ ილარიონის (ქიტიაშვილი) ქადაგებათა კრებული; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის და ვაჟა ფშაველას პუბლიცისტური წერილების კრებული: „მამული, ენა, სარწმუნოება"; იაკობ გოგებაშვილის „რანი ვიყავით გუშინ" და სხვა. ზურაბ კალანდაძის ლიტერატურათმცოდნეობითი სამეცნიერო კვლევები გამოცემულია ორ წიგნად: „დრო და მწერლობა“ და „სამი პორტრეტი”. შედგენილი და ცალკე კრებულებად აქვს გამოცემული: ლადო ასათიანის, ალექსანდრე საჯაიას, მირზა გელოვანის, გიორგი კალანდაძის, რევაზ მარგიანისა და გაბრიელ ჯაბუშანურის ბიბლიოგრაფიები. ამას გარდა, მას ქართულ ენაზე გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულები: „მზე ეტრფის ზენიტს“, „მე და ჩემი ძმა“ და „ზღვის თვალები". საგამომცემლო საქმიანობას ზურაბ კალანდაძე დღესაც წარმატებით აგრძელებს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა – მხატვრობა და პოეზია. თუ არ ჩავთვლით წიგნში „მე და ჩემი ძმა” დაბეჭდილ ბოლოდროინდელ რამდენიმე ლექსს და გაზეთ „რაეოში“ გამოქვეყნებულ სიკა რომაინ ჰედმანის სტატიას „ჰარმონიის მხატვარი“, სადაც აღწერილია ზურაბ კალანდაძის 60 წლისთავთან დაკავშირებით ჰოლანდიაში ჩატარებული საიუბილეო ღონისძიებები, ქართული საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული უცხოეთში ცხოვრების დროს ამ ხელოვანის შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ. ჰოლანდიელები ზურაბ კალანდაძეს თავიანთ მწერლად და მხატვრად მოიხსენიებენ, უბეჭდავენ წიგნებს და უწყობენ გამოფენებს, 2013 წელს კი, დაბადებიდან 60 წლისთავზე, ძალიან გულთბილი იუბილე გადაუხადეს. ისინი ამ ხელოვანის შემოქმედებას მათთვის ახლობლად მიიჩნევენ და მაღალ შეფასებას აძლევენ, მაგრამ ამასთანავე, ყველა ერთხმად აღიარებს მის პოეზიასა და ფერწერულ ტილოებში ქართული ფესვის სიმძლავრეს, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მისი ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბებაში. ჰოლანდიელი ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი ენგელბერტ ბროკჰაუსი წერს: „ზურაბ კალანდაძის შთაგონების წყარო, მუზა არის სამშობლო, საქართველო, რომელიც არასოდეს არ განეშორება მის სულს“. ზურაბ კალანდაძისა და მისი მშობლიური კულტურის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით, მისი ლექსების რუსულ ენაზე მთარგმნელი ირენა სერგეევა აღნიშნავს: „როდესაც უახლოვდები ამ დალოცვილი ქვეყნის უკიდურესად თვითმყოფადი კულტურის სიღრმესა და ამოუწურავობას, ამავე დროს უახლოვდები ამ ხელოვანის უნიკალურ სამყაროსაც“. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი პიტ ავგუსტაინი მიიჩნევს, რომ ზურაბ კალანდაძის მხატვრულ ნამუშევრებს „საფუძვლად უდევს ქართული ანბანის გრაფიკული სტილისტიკიდან ამომავალი ფორმათა ენა... მზის სიუხვე... მშობლიური მხარის კულტურაზე დამყარებული ფერთა გარდამავალი ტონები და თემატიკა“. ქართული დამწერლობის ანარეკლს ზურაბ კალანდაძის შემოქმედებაში საგანგებოდ აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამარ ჩუდინოვსკაიაც და ამას ხელოვანის შემოქმედების საწყისს, კვინტესენციას, ფერმენტს უწოდებს. მისივე დაკვირვებით, ზურაბ კალანდაძის გენეტიკა, სისხლის ძალა თავს იჩენს და ვლინდება მეოცე საუკუნის ავანგარდული ხელოვნების მიერ ნაშობ საერთაშორისო ფორმათა ენაში, მაგრამ კლასიკური ავანგარდისაგან მის სტილს გამოარჩევს პოეტური ხედვა და მკვეთრად ნაციონალური აქცენტები. ზურაბ კალანდაძის შემოქმედების თვითმყოფადობას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მისი სინთეზური ნიჭი და მრავალმხრივობა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, აკადემიკოს მიხეილ გერმანის დაკვირვებით: იმის გამო, რომ მის ფერწერულ ტილოებში ერთდროულად შეიგრძნობა ბგერა, უჩვეულო რიტმიკა და ლიტერატურული რემინისცენციების მთელი ფეიერვერკი, ისინი უამრავ ასოციაციას იწვევს და განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს მნახველზე. „პირველი შთაბეჭდილება, რაც გამოიწვია ჩემში მისმა ნახატებმა, იყო ასოციაცია პოეზიასთან“, – წერს მხატვარი ჰუბ ტილენი. ცნობილი ქართველი ხელოვნებათმცოდნის – აკადემიკოს ალექსანდრე ჩხეიძის თქმით: „ლირიზმი, პოეტურობა, რომელიც ვლინდება ზურაბ კალანდაძის მხატვრულ ტილოებში, მისი სულის მდგომარეობაა... მსოფლაღქმაა“. გამომცემლობის „FCA Еditions“ დირექტორის – კრის კონდაიკის თქმით, ზურაბ კალანდაძემ მოახერხა ხიდის გადება განსხვავებულ კულტურებს შორის, რაშიც, მისი აზრით, ხელოვანს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მისმა წარმომავლობამ და კულტურულმა მემკვიდრეობამ. ზურაბ კალანდაძის პოეზიასა და მხატვრობაში ხშირად შეხვდებით პარალელურ მოტივებსა და სახე-სიმბოლოებს. შემოქმედის კონკრეტული განცდა ან განწყობა ხშირად დროის მოკლე შუალედში ხორცს ისხამს ჯერ ნახატის და შემდეგ ლექსის სახით ან პირიქით. ავტორის თქმით, დასრულებული ფერწერული ნამუშევარი ზოგჯერ თავად ახდენს გავლენას შემოქმედზე და გარკვეული დროის შემდეგ ხდება ჩანაფიქრის ვერბალიზება ლექსის სახით. ასე შეიქმნა, მაგალითად, ნახატი „ევა“ და ლექსი „ცისკენ, მზისკენ“, ნახატი „მწვერვალისაკენ“ და ლექსი „მგზავრს“. ლექსში „სარკის წინ“ ფერწერული ტილოს შექმნის პროცესია ასახული: „უტყვ ტილოზე ფიქრების უსხეულო ნაყოფებს ფუნჯით ამოვუძერწე სხეული ნაირფერი, მივეც სახე სხვადასხვა, თავისუფლად ვამყოფე, ისე, ვით გალიიდან გაშვებული ფრინველი“. პოეზიისა და ფერწერის, როგორც შემოქმედებითი თვითგამოხატვის ორი მჭიდროდ დაკავშირდებული საშუალების დემონსტრირებაა გამოცემის ის ტიპი, რომელსაც ხშირად მიმართავს ზურაბ კალანდაძე. ეს არის მხატვრობის (ან მხატვრული ფოტოგრაფიის) და პოეზიის ერთიანი კრებულები. 1996 წელს ჰოლანდიურ ენაზე გამოვიდა მისი პირველი ასეთი წიგნი: „ცრემლები“ – ლექსებითა და გრაფიკით. კრებულში „გრძნობების თეატრი“ წარმოდგენილი იყო ზურაბ კალანდაძის პოეზია და პეტერბურგელი მხატვრის ლევან კვარაცხელიას ნახატები. ასეთივე შერეული კრებული „გაშალე ფრთები“ მას გამოცემული აქვს ახალგაზრდა ქართველ მხატვარ ეკა ოკიაშვილთან ერთად. კრებულებში „ევროპული ბაღები“ და „ცისფერი სარკმელი“ წარმოდგენილია ზურაბ კალანდაძის ლექსები და სხვა შემოქმედთა მხატვრული ფოტოები. 2012 და 2013 წლებში დაიბეჭდა ზურაბ კალანდაძის ორი საავტორო წიგნი: „გრაფიკა და პოეზია“ და „ფერწერა და პოეზია“, 2012 წელს კი პოეზიისა და ფერწერის გვერდით პოეტის ერთი ლექსის – „მფრინავი ფოთლების“ გამოცემაში გაჩნდა მუსიკა – ლექსი დაიბეჭდა ავტორისეულ ფერწერასთან და მისივე შექმნილი მელოდიის პარტიტურასთან ერთად. ჰარმონიის მისეულ ხედვას ქართველი ხელოვანი აყალიბებს ინგლისურ ენაზე დაწერილ ლექსში „Mosaique vivant“ („ცოცხალი მოზაიკა“). ზურაბ კალანდაძეს უყვარს შემოქმედებითი სიახლეები – 2010 წელს თავის მეგობარ – ანზორ აბჟანდაძესთან ერთად გამოცემულ პოეტურ კრებულში ამ ორი ავტორის ინდივიდუალური პოეზიის გარდა, შეტანილია ერთი ექსპერიმენტი – მათი პოეტური დუეტი „მე და ჩემი ძმა“. ეს ლექსი, გარდა იმისა, რომ დრო-ჟამის „მარადი საფიქრალის“ ღრმა სულიერი განცდით გამოირჩევა, საინტერესოა ეროვნული თვითშემეცნების მარკირების თვალსაზრისითაც. იგი მთავრდება ზურაბ კალანდაძის სტროფით: „ისევ ჟღერს და ისევ ზეობს ტკბილქართული ხმა... აივნიდან ვიმზირებით მე და ჩემი ძმა“. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხელოვანი ტრადიციებს უდიდეს პატივს სცემს და სულიერი ღირებულებები ხელშეუხებლად მიაჩნია, ახალი ფორმებისა და გამომსახველობითი საშუალებების მუდმივ ძიებაშია. მისთვის არ არსებობს ყრუ კედელი არც ხელოვნების სხვადასხვა დარგებს (პოეზია, მხატვრობა, მუსიკა) და არც შემოქმედებით პრინციპებსა და მეთოდებს შორის. XX საუკუნის მიწურულს სხვადასხვა სტილისა და მიმდინარეობის ჰოლანდიელ მხატვრებთან – იუჟინ სტინისთან და ჰარი ფლამინგსთან ერთად ჩამოაყალიბა მხატვართა ჯგუფი – „არტტრიო კონტრასტი“. მისივე ფორმულირებით, ეს შემოქმედებითი გაერთიანება შეიქმნა დამოკიდებულებათა მრავალფეროვნებისა და იმ დიდი განსხვავებების წარმოსაჩენად, რომლებიც თავს იჩენს მხატვრობის სამყაროში გამოხატვის ფორმების მხრივ. ჯგუფის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად დასახელებულია სულიერი სიახლოვის ნიშნით კონტრასტული პიროვნული შეხედულებებისა და გამოხატვის რადიკალურად განსხვავებული ფორმების ინტეგრირების პრეცედენტის შექმნა. ხელოვნებათმცოდნეთა დაკვირვებით, ფერწერული ტილოს მეშვეობით შემოქმედებითი ჩანაფიქრის მაქსიმალურად გადმოცემისათვის, ზურაბ კალანდაძე მიმართავს ფერის სიღრმეთა სპეციფიკურ გრადაციას და ნახატის ფონთან ცენტრალურ ფორმათა დეტალების შერწყმას, რის მეშვეობითაც ქმნის რამდენიმე ინფორმაციულ შრეს. ამას გარდა, დამატებით საკომუნიკაციო საშუალებად იყენებს მსოფლიო კულტურის, მითოლოგიის, ზღაპრებისა და ლიტერატურული შედევრების საკუთარი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დაკვირვებებით გამდიდრებულ სიმბოლოებს. ყოველივე ეს მის ხელწერას ინდივიდუალობას ანიჭებს და იოლად ამოსაცნობს ხდის. იგივე შეიძლება ითქვას მის პოეზიაზეც – სახეთა ალეგორიულობა, ხატოვანება და სტილის ლაკონურობა, რაც მის ლირიკას ახასიათებს, ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე და ამახსოვრდება: „ჩემი ქვეყნის მწვანე კალთას ვეფარები / ხეივანში ჭადრის ჩრდილად მიმალული“; „სარკის სიღრმეში შემომეჭერ, როს ფერით ვწერდი / საკუთარ პორტრეტს საუკუნის ქაოსის ფონზე“; „დრო გარბის და ჩუმად ითვლის წლებს / ეს ცხოვრება – ფოთოლშლა და ფოთოლცვენა, / ფიქრებს სევდის ღრუბელი ავსებს, / სიმარტოვე დამესენა“; „დანის შემყურე ვარდი მოუჭრელადაც ჭკნება“. მისი პოეტური სახეები დინამიურია და ენა – უშუალო. განსაკუთრებით მდიდარია ზურაბ კალანდაძის მხატვრობა და პოეზია სახე-სიმბოლოებით. გამოვყოფთ ზოგიერთ მათგანს, რომლებიც ემიგრანტის განცდებს და ნაციონალური იდენტობის საკითხებს უკავშირდება. ერთ-ერთი ავტოპორტრეტი, რომელზეც ჩემოდანზე მჯდარი კაცია გამოსახული, უცხოეთში მცხოვრები იმ ადამიანის ზოგადი სახეა, რომელიც ზის და „ტკბილსურნელოვან ყვავილს ყნოსავს“, მაგრამ, ამავე დროს, მუდამ უკან დაბრუნებაზე ფიქრობს. საინტერესოდ აღიქმება ჩემოდნის სახე გრაფიკულ ნამუშევრები – „დედები და შვილები“: ქალსაც და პატარა გოგონასაც ჩემოდნები უკავიათ. ქალს – დიდი, გოგონას – პატარა. მათ გარდა ტილოზე გამოსახულია ორი მფრინავი ჩიტი და ყველა გამოსახულება, ადამიანებიც და ჩიტებიც, ზურგიდან ჩანს. ალეგორია „თბილ ქვეყნებზე“ თვალსაჩინოა, მაგრამ რჩება კითხვა: ყველა ეს ფიგურა თბილი ქვეყნებისკენ მიემართება თუ უკან ბრუნდება? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს გრაფიკა უცხოეთში შეიქმნა და დავაკვირდებით დედა-შვილის მსუბუქ ჩაცმულობას, უნდა ვიფიქროთ, რომ მასზე „თბილი ქვეყნებიდან“ დაბრუნებაა ასახული. დამატებითი შინაარსით იტვირთება ჩემოდნების სახე კიდევ ერთ გრაფიკულ ნაშრომში – „მძიმე ბარგი“. ჩემოდანი ის ტვირთია, რომელსაც ადამიანი ათრევს, როცა საკუთარ სახლში არ არის. ემიგრანტისთვის ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სიმძიმეს სხვაგან ყოფნის სიმძიმეც ემატება. ხელოვანი საკუთარი შემოქმედებით ამბობს თავის სათქმელს, რომელიც გავლენას ახდენს ხალხზე. ეს კარგად ესმის ზურაბ კალანდაძეს და დეკლარირებულიც აქვს პოეტისადმი მიმართულ ერთ-ერთ ლექსში: „ხელთ გიპყრია უბასრესი მახვილი – სიტყვა მჭრელი, სულით ნასათუთარი, საუკუნეს ესმის შენი ძახილი, ადამიანს წრფელი სიტყვა უთხარი“. მაგრამ ხელოვანი ამავე დროს არის მამულიშვილი და აქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც. ზურაბ კალანდაძის სიტყვა და საქმე ამ მხრივ განუყოფელია. იგი არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით ეხმიანება სამშობლოს ტკივილსა და სიხარულს, არამედ – საქმითაც. ჰოლანდიაში ცხოვრების მანძილზე მას რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელთა ფარგლებშიც აწყობს ქართველი მხატვრების ნამუშევართა გამოფენებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ამა წლის მაისში, ამჯერად თბილისში მოეწყო პრეზენტაცია მისი ახალი შემოქმედებითი პროექტისა: „თანამედროვე ქართული მხატვრობა“, რომელიც მოქმედებას საზღვარგარეთ განავრცობს. 2000 წელს ზურაბ კალანდაძემ ამსტერდამში დაბეჭდა ელგუჯა გიუნაშვილისა და მის მიერ გამოსაცემად მომზადებული უაღრესად მნიშვნელოვანი წიგნი – „ბიბლიის ლექსიკონი“ ორ ტომად და ამ მაღალხარისხოვანი გამოცემის 1000 ეგზემპლარი საჩუქრად გადასცა საქართველოს საპატრიარქოს, უნივერსიტეტს, ბიბლიოთეკებს და ა.შ. გარდა იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მან საგანგებოდ რუსულ ენაზე შექმნა და რუსეთში გამოაქვეყნა ამ ქვეყნის აგრესიული ქმედებების მამხილებელი ორი ლექსი («Рассказ в переулке» და «Огонь негосимого очага»), რითაც აშკარად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებისადმი. ამასთანავე, თავი მოუყარა სხვადასხვა ეროვნების თანამოაზრე ხელოვანებს – პოეტებს, მხატვრებს, მუსიკოსებს და სამ ქვეყანაში – ჰოლანდიაში, ბელგიასა და გერმანიაში ოცი მშვიდობიანი აქცია გამართა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული საომარი მოქმედებების დასაგმობად. საერთოდ, მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა – ცხრა აპრილის ტრაგედიამ, სამოქალაქო ომმა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციამ მძიმე კვალი დატოვა ზურაბ კალანდაძის შემოქმედებაზე. მის პოეზიაში ამ ტკივილების გამოძახილი სხვადასხვა ენაზე ისმის: „С ворами в тюрьмы патриотов посадив / Отчизну межеумцы продавали»; „Война была, война! / Детей измучил страх... / Искали люди тишины в чужих краях“ («Рассказ в переулке»); „დრო იყო უმწარესი,/ სამშობლოს წაეტანა / არაქართული თესლი“ („სხივი“); „მითხარ რას ჰგრძნობ, როცა სტირი, / როს ნაავდრალ ბილიკს მისდევ, / რაა ცრემლი თუ არა ამ ბილიკებზე / ნაღვლიანი მოგონების გუბურები“; „Yes, that is what it is: / thought silhouettes. / the spectre of war, / a hot day in Georgia, / weeping adults, the love for life / mixed with worry...“ (August 2008, Scheveningen). ნაციონალური იდენტობისადმი ხელოვანის დამოკიდებულების თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ზურაბ კალანდაძის ლექსი „მომიალერსე“, რომლის მიხედვითაც ადამიანს წუთისოფლის ორომტრიალს დააძლევინებს მშობელი მიწა. აი, რას ეუბნება იგი ქართველ პოეტს: „მომიალერსე, თორემ გაქრები, / მე მქვია მიწა, / სიკეთე – ფესვი ჩემს წიაღში გაიდგი მყარად...“ ავტორის აზრით, საქართველოზე, თავის სამშობლოზე ზრუნვის გარეშე ქართველ ადამიანს გაქრობის, გადაშენების საშიშროება ემუქრება. სამშობლოს მონატრებას და ხელოვანის სულიერ განცდებს ეხმიანება ფერწერული ტილო „ნოსტალგიური პეიზაჟი“. ადამიანის ფიგურა ემბრიონის პოზაშია – მოხრილი და მომრგვალებული. ტვინის ადგილას ჩანს პეიზაჟი ხეებითა და აქცენტირებული მწვანე ფერებით. აქ არის კონცენტრირებული ყველაზე მეტი სინათლე. მუქ მწვანესთან ჰარმონიულად შეხამებული ჩალისფერი, ოქროსფერი და ბორდო თითქოს მეხსიერებიდან ამოტივტივებული ის ფერებია, რომლებიც ვრცელდება ამ ფიგურის მთელ სხეულზე და ტოვებს ასოციაციას იდიომისა: „ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი“. თვალის ადგილას სიცარიელეა, თითქოს ტილოზე გამოსახულ არსებას ირგვლივ არაფრის დანახვა არ სჭირდება, მზერა შიგნით აქვს ჩაბრუნებული და მხოლოდ გონების თვალით ჭვრეტს. ზურაბ კალანდაძის პოეზიაში უხვად არის სიმბოლოებად ქცეული ტრადიციული ყოფითი ელემენტები: მაგალითად, „წიგნის კარადა“, რომელშიც „სუნთქავს წიგნის საოცარი, სუფთა სამყარო / და ნათობს ქართველ გენიოსთა ნიჭი მარადი“ („ჩემი ოთახი“). „მამის სურათი”, რომლის მიღმა მოიაზრება არა მხოლოდ ავტორის მამის – პოეტ გიორგი კალანდაძის სახე, რომელმაც უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა საკუთარი ვაჟის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, არამედ ზოგადად მამის, წინაპრის, მასწავლებლის, იდეალის განზოგადებული სახე. ტრადიციულისაგან განსხვავებული მხატვრულ-შინაარსობრივი დატვირთვა აქვს „ბუხარს“, რომელშიც იფერფლება პოეტის ოცნებები: „ოცნებებს ჩემსას, როგორც შეშას, ჩეხს ცხოვრება; დააწვრილმანებს, შეუკეთებს დროის ბუხარში; აგუზგუზდება ცეცხლმოდებული, მერე ტკიცინით ჩაიფერფლება“. ხელოვანის ამ ტკივილიან განცდებს ანელებს იმის იმედი, რომ ყოველივე ეს ამაოდ არ ხდება და დროის ბუხარში ცეცხლმოდებული მისი ოცნებები შეიძლება ვიღაცას ათბობდეს: „გაფაციცებით ვუმზერ მიდამოს, – მაინტერესებს ბუხრის პირას ვინმე თუ თბება“. სიმბოლურ-ალეგორიული მნიშვნელობა აქვს ზურაბ კალანდაძის მხატვრულ ტილოებში ოჯახს. ტრადიციული ოჯახი – დედ-მამითა და შვილებით აღიქმება მთელი კაცობრიობის სახედ და მისი განვითარების საძირკვლად. ამის საუკეთესო მაგალითია ფერწერული ტილო „ოჯახური სითბო”, რომელიც სივრცის უსასრულობისა და კოსმიურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ნამუშევრის ტრადიციულ ქართულ ფესვებზე მიგვანიშნებს არა მხოლოდ ვენახის, ყურძნის ფოთლებისა და მტევნების გამოსახულებები, რომელთა ფონზეც არის წარმოდგენილი მშობლებისა და შვილების სტილურად ერთგვაროვანი და ჰარმონიული ფიგურები, არამედ ჩვენი კულტურისათვის დამახასიათებელი ფორმები, ფერები და ხატწერის ელემენტები. კონცეპტუალურად ამავე თემის გაგრძელებას წარმოადგენს, მაგრამ საწინააღმდეგო კუთხიდან დანახულს, დიპტიხი „ქალი და კაცი”, სადაც დარღვეულია ზემოთ განხილულ ფერწერულ ტილოზე ასახული იდეალური ჰარმონია. აქ გამოსახულია მსხვილი, ღრმად ფესვგადგმული ხისკენ აქეთ-იქედან ზურგშექცევით მდგარი კაცი და ქალი, რომლებიც სხვადასხვა მხარეს იხედებიან და მათ წინ ამოსულ თითო ახალ, უნაყოფო ხეს შეჰყურებენ. ნახატი სიმბოლურად ასახავს ქალისა და მამაკაცის ურთიერთგაუცხოების, გათიშვისა და დამოუკიდებელი, თვითკმარი არსებობისკენ სწრაფვის ტენდენციას. თუ პირველი ტილო ტოვებს სიმშვიდისა და სინაზის განცდას, მეორეს შემოაქვს სიცივე, სიხისტე და სივრცის უკმარისობა. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ კალანდაძეს უცხო ენებზე მეტი საავტორო კრებული და ალბომი აქვს გამოქვეყნებული, ვიდრე ქართულად, მისი წიგნების მყარი გარეკანის ზედაპირზე ყოველთვის ქართული ასოებით არის ამოტვიფრული ავტორის სახელი და გვარი, ზოგჯერ კი თვისივე ხელით ნაწერი ლექსი. გადარჩენის გზად is ჩაუმქრალ კერიას მიიჩნევს. მის ლექსში «Огонь негосимого очага» შავოსანი უცნობი მაგიდაზე მდგარ გლობუსს ლოკავს და თითქოს მასზე რაღაცის წაშლას, შთანთქმას ცდილობს. ლირიკული გმირის აღშფოთებიდან მკითხველი ხვდება, რომ საფრთხე მის ქვეყანას ემუქრება. მაგრამ საქართველოს ამოშლა მსოფლიო რუკიდან არც ისე იოლი აღმოჩნდა. ამ მიზნის განხორციელებაში ბოროტ ძალას ხელი შეუშალა „კერიის ჩაუმქრალმა ცეცხლმა“ და ქართველის გულსა და გონებაში ღრმად აღბეჭდილმა სიყვარულმა საკუთარი წმინდანებისა და გმირებისადმი: «Я – Искренность сердца, в груди твоей кроюсь, Я – мысль, что живет, высока и строга, Любовь твоих предков – святых и героев, Огонь негасимого очага». მიუხედავად იმისა, რომ ლექსში გაშიშვლებულია რუსული პოლიტიკის დამპყრობლური ზრახვები და მათი ქმედება „ბოროტებად“ არის სახელდებული, მას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის ინტელიგენციის გარკვეულ წრეებშიც. უცხოეთში მცხოვრები ადამიანის განცდებზე დაწერილი თხზულებებიდან გამოირჩევა 2012 წელს ინგლისურ ენაზე შექმნილი „მფრინავი ფოთლები”. ეს ლექსი სულ მოკლე დროში ითარგმნა იტალიურ, ესპანურ, რუსულ და ჰოლანდიურ ენებზე. ლექსი მელოდიასთან ერთად იქმნებოდა. იგი წიგნადაც გამოიცა, პარტიტურის თანხლებით და ავტორისეული მხატვრული გაფორმებით. ვფიქრობ, აქ სწორედ მელოდია და მხატვრობაა ჰანგად, ფერად და ფორმად ქცეული ქართული ტექსტის იდეოგრამაა, რომელიც სიტყვების ნაცვლად ეალერსება მონატრებულ სამშობლოს. ბოლო ტაეპების პწკარედული თარგმანი ასეთია: „მფრინავო ფოთლებო, გევედრებით, დარჩით ჩემს გულში. / იქ მზე ძველებურად ანათებს. თქვენი სიმღერა მაფხიზლებს და მაბრუნებს სამშობლოში მარადიული თავისუფლების განსაცდელად”. ამ თემაზე ლექსის ავტორს ორი მხატვრული კომპოზიცია აქვს შექმნილი. პირველ მათგანზე გამოსახულია, როგორ წყდება ხეს ფოთლები და სხვადასხვა მიმართულებით გაფრენილები როგორ უფერულდება. მეორე ტილოზე კი – ფოთლები ისევ ერთად არის თავმოყრილი და ფერებიც დაბრუნებული აქვს. ზურაბ კალანდაძის შემოქმედებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება 2014 წელს შექმნილი ლირიკული პოემით „ზღვის თვალები”, რომელიც მან თავისი გარდაცვლილი ძმის – მხატვარ ნუგზარ კალანდაძის ხსოვნას მიუძღვნა. ეს არის ქართული სიტყვის მდიდარი პალიტრით, ალიტერაციებითა და ორიგინალური შინაგანი რითმებით მოხატული ლირიკული მელოდია, რომლის კითხვისასაც ერთად აღიქვამ ბგერის, ფერის, ფორმისა და რიტმის ჰარმონიას და ვერ გრძნობ საზღვარს მათ შორის. დაიწყებ თუ არა კითხვას, ტალღებივით მოლივლივე სიტყვები საამოდ მიგიზიდავს („იმ ლაღ ტალღას / ან რა დაღლის, / ახლავს მუდამ / გრძნობა ახლის”), მაგრამ როცა ნაბიჯს გადადგამ და შეჰყვები, უცებ ზღვის ფსკერივით მიუწვდომელ სიღრმეში აღმოაჩენ საკუთარ თავს („ძრწის ცხოვრება / როგორც მხეცი, / დაბრმავების / შიშით გკეცავს”). დროის დინება კრიალოსანზე ერთმანეთის მიყოლებით ჩამოყრის სიკეთისა და ბოროტების, წარსულისა და მომავლის კონტრასტულ სურათებს („დრო კი მარცვლავს / წამებს რიდით, / ზღვას გახედავს / და ფეხს ფეხზე /გადაიდებს”). შენს თვალწინ წამიერად გაიელვებს კომპრომისზე წასული სინდისის („თქვა: მომისევს / მხეცთა ურდოს; / ვიზამ ისე, / როგორც უნდა... / და სინდისის / ერთი ფრესკაც / წაილეკა”). ვნებანარევი სიტკბოების („ძუნწს აწვალებს / თმენის ეშხი, / ვერცხლით ხარობს, – / თან სდევს ტანჯვა / სიამეში”) და ყოვლისშემძლე ციური ნათლის („იგი დამთმენს / საქმეს უქებს, / სირცხვილს მალავს, / სევდას ფიქრს ა- / შორიშორებს, / დარად აქცევს / ბილწთ ქარბუქებს”) სახეები. გახსენდება დაშვებული შეცდომები („ზღვას კლდე ვუქეთ, / თითქოს სიოც / ვაქარბუქეთ...”) და განიცდი შინაგან მეტამორფოზას („გზები ცისებრ / ლაჟვარდდება, / ჩნდება სხივთა / თაიგული, /სტუმრად მოდის / სინანული – / გული თბება”). ეს არის საოცრად გულწრფელი თხზულება, რომლის სითბო დიდხანს გაჰყვება მკითხველს. ძნელია, ერთ წერილში სრულად აღწერო ის შემოქმედებითი წარმატებები, რასაც ზურაბ კალანდაძემ მიაღწია ემიგრაციაში მოღვაწეობის დროს. ეს მომავალი შესწავლისა და მეცნიერული კვლევის საგანია.