ჰარმონიის მხატვარი:
 ქართული ანბანი ძალიან დიდი ხნისაა. მგონი ყველაზე ძველიც შემორჩენილ ანბანებს შორის. ის ზედმიწევნით გრაციოზული ხაზით ხასიათდება და ჰარმონიასა და სიმშვიდეს ასხივებს. ზურაბ კალანდაძისთვის ის მხოლოდ შრიფტი როდია. მისთვის ქართული ანბანი მხატვრული სტილისტიკის საფუძველია.
 ზურაბ კალანდაძის ცხოვრების გზა საქართველოში დაიწყო. ოცი წლის წინ კი ნედერლანდებში, ზაუდ ჰოლანდში დაფუძნდა, სადაც მოსახლეობამ ხელგაშლით, თბილად მიიღო. იგი შინაგანად მაინც საქართველოშია. დაბადებისა და ახალგაზრდობის ადგილს მოცილებულს სამშობლოსადმი სიყვარული უფრო მეტადაც კი გაუღრმავდა და გაუძლიერდა. ამ სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულებაა მისი ზრუნვა ქართველი მხატვრების წარმოჩენისათვის ევროპაში, ასევე რამდენიმე ჰუმანიტარული პროექტის განხორციელება საქართველოსთან მიმართებაში.
  წლევანდელ წელს ზურაბ კალანდაძის 60 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო მასთან შეხვედრა ქალაქ აუდ-ბაილანდის მთავრობის სახლის ძველ, მეთხუტმეტე საუკუნის ულამაზეს შენობაში, რომელიც დღეს მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. აქვე გამოიფინა მისი შვიდ ათეულამდე ნამუშევარი.
  სადღესასწაულო შეხვედრაზე ჰოლანდიელი და ბელგიელი მუსიკოსების მიერ შესრულებული აკომპანიმენტის თანხლებით წაიკითხეს მისი ლექსები ჰოლანდიურ და ინგლისურ ენებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობის და ხელოვნების მუშაკნი, სტუმრები საზღვარგარეთიდან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა ნედერლანდებში შოთა ღვინერიამ და გამოხატა პატივისცემა მისი გამოჩენილი თანამემამულისადმი.
 ძველი და ახალი ნამუშევრების პარალელურად წარმოჩენამ მნახველის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „ძალიან კმაყოფილი ვარ ნახატების შერჩევით და მისი კომპოზიციური განლაგებით. გამორჩეული გემოვნებით უმუშავია მის ორგანიზატორს“ - აღნიშნა ჩემთან საუბარში ზურაბმა. მისთვის გამოფენის მოწყობა ყოველდღიური ცხოვრების წესის ნაწილია. მას რამდენიმე ასეული წარმატებული გამოფენა აქვს მოწყობილი. მათ შორის - არაერთი მასშტაბური ინტერნაციონალური გამოფენა, ნამუშევართა ჩვენება მუზეუმებში და ა.შ.
 მოაზროვნეთა და ხელოვანთა ოჯახი:
 ზურაბ კალანდაძე დაიბადა 1953 წელს, თბილისში, მაღალმთიან კავკასიაში. არ არის შემთხვევითი, რომ იგი შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. ის შთამომავალია მოაზროვნეთა და ხელოვანთა. მისი ბაბუა ხალხურ სიმღერებს მღეროდა, მამა პოეტი და ლიტერატურათმცოდნე იყო, ძმა - ფერმწერი; მისი და ლიტერატურულ და სამუზეუმო საქმიანობას ეწევა. ზურაბი ჯერ კიდევ პატარაობის ასკში იყო ხელოვნებისაკენ მიდრეკილი. ჯერ კიდევ არასრლწლოვნების ასაკში შექმნა მხატვრული, პოეტური და მუსიკალური კომპოზიციები. „ისინი სპონტანურად იქმნებოდა“, - მეხმაურება ზურაბი კითხვაზე: თუ როგორ ქმნიდა ადრეულ ასაკში ნამუშევრებს. „უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა თვით შემოქმედებითი პროცესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხელოვნება ნამდვილ ესთეტიკურ ფასოვანებას მოკლებულია, თუ იგი სათანადო განათლებას და გამოცდილებას არ ეფუძნება“. ზურაბმა შეისწავლა მუსიკის, ფერწერის და ლიტერატურის ძირითადი საფუძვლები. 1988 წელს კი სამეცნიერო ხარისხიც დაიცვა ლიტერატურადმცოდნეობის განხრით.
 ხელოვნების ინტერნაციონალური ხედვა:
 ზურაბ კალანდაძე ჰოლანდიაში მეუღლესთან და შვილებთან ერთად დასახლდა, საზოგადოებამ პატივისცემით მიიღო იგი, როგორც მაღალპროფესიონალური მუშაკი და მასშტაბური მოაზროვნე. მან ჩამოსვლიდან ერთი  თვის განმავლობაში 40 ნამუშევარი შექმნა, კულტურის ცენტრში გამოფინა და მისი ოჯახის გასაცნობად ადგილობრივი მოსახლეობა დაპატიჟა. მისთვის უცხო ქვეყანაში, ამ პირველ ნაბიჯს მოჰყვა ლექციები, პედეგოგიური პროექტები: 1) გამიზნული სტილისტურ დამოუკიდებლობის შესაძენად და 2) ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდით ხატვის სწრაფად შესასწავლად. გამოიცა  მისი პოეტური და მხატვრული ნამუშევრების კრებულები და კატალოგები.
 იგი გარკვეული დროით მუშაობდა საზოგადოება მუზას თავჯდომარედ, რომელიც ინტერნაციონალური ხასიათის ხელოვნების პროექტებით იყო დაკავებული. სწორედ ინტერნაციონალური მიდგომით მიიპყრო ყურადღება მისმა არაერთმა პროექტმა. მათ შორის თავისი მასშტაბურობით განსაკუთრებულად გამოირჩეოდა „დამსხვრეული ბარიკადები“ და „ხელოვნების ინტერნაციონალური ხედვა“. პროექტში „დამსხვრეული ბარიკადები“ მონაწილეობას იღებდნენ: ებრაელი, ირანელი და ჰოლანდიელი მხატვრები. მისი ძირითადი იდეოლოგია იყო ყველა ბარიკადის მოშლა, რომელიც ხელს უშლის მსოფლიოში მშვიდობიან თანაცხოვრებას და ხელოვნების მუშაკთა შემოქმედებით თავისუფლებას. პროექტი „ხელოვნების ინტერნაციონალური ხედვა“ მიმართული იყო მშვიდობის გამყარებისაკენ ზოგადად მსოფლიოში; კერძოდ კი კავკასიაში. იგი კატეგორიულად გმობდა კავკასიის დაპყრობისათვის გამიზნულ პოლიტიკას და მიმართული იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების წინააღმდეგ. პროექტში ჩართულნი იყვნენ ქართველი, ჰოლანდიელი, ბრაზილიელი, რუსი და სომეხი ხელოვნების მუშაკები - კომპოზიტორები, პოეტები და მხატვრები.
 ხელოვანნი მართლაც არიან წარმომჩენნი თავისუფლების იდეისა. ისინი უნივერსალური ენით მეტყველებენ, ამდენად მათი ხმა ადვილად აღწევს სხვადსხვა ნაციონალობის ხალხებამდე. მათი აზრი და მისიაც ინტერნაციონალურ, ზოგადსაკაცობრიო ნიადაგზეა აღმოცენებული. მათ სათქმელსა და სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავლისათვის. შეაჩერეთ აგრესია, პატივი ეცით სიყვარულსა და სილამაზეს, თავისუფალი მომავლის გზა დაუსახეთ ჩვენს შვილებს - ასე მიმართა ჰოლანდიის პარლამენტის კულტურის განყოფილების თავჯდომარემ ინეკე დეზენჩე-ჰამინკმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის „ხელოვნების ინტერნაციონალური ხედვა“ ერთ-ერთ აქციაზე. ასეთი აქციები მარტო ჰოლანდიაში ორ ათეულზე მეტი გაიმართა.
 მხატვრებთან ეუჟინი სტინესთან და ჰარი ფლამინსგთან ერთად 2000 წელს ზურაბ კალანდაძემ დააფუძნა სამხატვრო ჯგუფი „არტტრიო კონტრასტი“ და მის სარეკლამო ბროშურას თვისივე ფილოსოფიურ-იდეოლოგიური დანართი წაუმძღვარა. ჯგუფის ძირითადი იდეა იყო ჰარმონიული თანაარსებობის შენარჩუნება კონტრასტულ საზოგადოებაში. ჯგუფმა ათეულობით გამოფენა შესთავაზა საზოგადოებას, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ლეო ფან ლინი აღნიშნავს:  თავისი იდეებით, ინტელიგენტური მიმართებით ხელოვნებისადმი და მაღალი პროფესიონალური ხარისხით მათი ნამუშევრებისა „არტტრო კონტრასტი“ შესანიშნავი წარმომადგენელია თანამედროვე ჰოლანდიური მხატვრობისა.
 ბურგომისტრი ბრუკჰაუზი:
 ერთ-ერთი დიდი პატივისმცემელი ზურაბ კალანდაძის მხატვრობისა არის ჰუქსევარდის ბურგომისტრი პროფესორი ენგელბერტ ბრუკჰაუზი, რომელსაც ასევე სამხატვრო და მუსიკალური განათლება აქვს. როგორც ის აღნიშნავს ზურაბის ნახატებმა მიიზიდა, რადგან ისინი შეეხნენ მის პიროვნებაში არსებულ იმ საფუძველს, საიდანაც ხელოვნება მომდინარეობს. ზურაბის ხელოვნება სუფთაა და თავისუფალი ყოველივე ზედმეტისაგან - აღნიშნავს პროფესორი ბრუკჰაუზი - მის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშებში წარმოჩენილია მხოლოდ ძირითადი, ესენცია, რაც ასევე სუფთა, ამაღლებულ შეგრძნებას აღძრავს. მისი ნახატები ცნობადია და გამოკვეთილად ორგინალური. მასში მძლავრი ემოციური მუხტია, თუმცა ჰარმონიულად გაწონასწორებული და სათუთად შემოთავაზებული. 
 არავითარი სისხლი ტილოზე.  არავითარი ომი:
 თავისი ხელოვნებით ზურაბ კალანდაძე პოზიტივისტია. ასეთივეა მისი იდეოლოგიური მრწამსი.  მხატვრობას, რომელიც ნეგატიურ შეგრძნებებს იწვევს არ აქვს არსებობის უფლება, - აღნიშნავს თავის ერთ-ერთ სტატიაში ზურაბი, - ხელოვნება არ უნდა იწვევდეს რევოლუციურ გრძნობებს. ის დადებითი და ამავე დროს  ინტელექტუალური შეგრძნებების  აღმძვრელი უნდა იყოს; მოზარდთათვის კი ფიქრის, ცოდნის პოზიტიური შეგრძნებების წარმომშობი.
 ზურაბი თავის თავს რეალისტს უწოდებს, მას უყვარს ჯერ უცნობი მხატვრული მასალით ექსპერიმენტირება, თუმცა მისი ნამუშევრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ზეთის საღებავითაა შესრულებული. „ზეთის საღებავი რჩება ჩემთვის სრულყოფილ საშუალებად თვითგამოხატვისა, - აღნიშნავს იგი ერთ-ერთ პუბლიკაციაში, - მხოლოდ ამ მასალითაა შესაძლებელი ფსიქოლოგიურად ზუსტი, სასურველი სიღრმის მიღწევა. ამასთანავე შეგიძლია ფენა-ფენა ააგო ნახატის სტრუქტურა. ასე ყოველი წინა ფენა ბოლო ფენიდან გამოსჭვივის და ის კოლორიტს ამთლიანებს. ასე ნახატი განსაკუთრებულად გაწონასწორებულ გამოსხივებას იძენს”.
 სიყვარულის სიმბოლოები:
 გამოფენების გახსნაზე ზურაბი ხშირად წარადგენს ხოლმე თავის ახალ პოეტურ ნაწარმოებებს, რომელთა მთავარი თემა არის ადამიანთა შორის ამაღლებული, უანგარო სიყვარული. მამაკაცსა და ქალს შორის სიყვარულს და განუყოფლობის გრძნობას ასახავს ზურაბის სკულპტურული სერია: „სიყვარულის ხე“. მისი  ცხოვრების კრედოც ადამიანთა შორის უღალატო ურთიერთობა, ხალხთა შორის ჰარმონიული თანაარსებობაა, რაც მკაფიოდ მჟღავნდება მის ნაწარმოებებში. აკი  თვითონაც აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში: „მიყვარს ჰარმონია, რადგან დისჰარმონია ომია“.