დუმილის ნიჭით მომადლებულნი
იწვნენ კლდის ძირას რუხი ლოდები,
კლდიდან ჟონავდა წყალი ანკარა
და ქვას აწვეთდა თავგამოდებით.

კრიალა წვეთებს ქვა გაეხვრიტათ,
მიწისკენ ლაღად მიწანწკარებდნენ;
ხტოდნენ წვეთები კისკისით და თან
ალმასის თვალებს აკამკამებდნენ.

იმ ნახვრეტიდან ჩვილი, უმანკო
ამოზრდილიყო ბალახის ღერო,
ვით ტურფა ლექსი ხავერდოვანი,
ნაზი, სათუთი და სასიმღერო.

ღეროს შეჰყურებს პატარა ბიჭი
და როგორც ჩიტი, სტვენს უდარდელად,
ირგვლივ გვალვაა, მინდვრის ყვავილი
წვიმას ჟუჟუნას უხმობს საშველად.

წყალი კი კვლავაც მოჟონავს კლდიდან,
ბალახს მფარველობს, ფესვებს უგრილებს;
იმას ზაფხული ხელს ვერ შეახებს,
მის ტანს დაჭკნობას ვერ დაუპირებს.

წყალი ანკარა წვეთს და კისკისებს, –
მან, ალბათ, მიზანს თუ მიაღწია…
ნუთუ იმიტომ ზრუნავდა ამდენს,
რომ გაეზარდა ღერო პაწია!