იმ ლაღ ტალღას
ან რა დაღლის, –
ახლავს მუდამ
გრძნობა ახლის.
ფიქრით მრუდეს
მრავალს სურდა
ტალღა ნების
იარაღად
განდიდების.

ზღვა არ მალავს
მზის ციალებს,
თან ინთება,
თან შრიალებს;
იკრიალებს
ცისფერ თვალებს,
ნიჟარებთან
მოთამაშეთ,
მოცქრიალეთ.

თუა ნება,
თვალთა შვებით
იშლებიან
სივრცეები;
ლიბრი დნება, 
ცა ინთება, –
სიყმაწვილე
ლამაზდება
იალქნებით.

ზღვამ არ იცის
მოცდა, დაღლა, –
მალი-მალე
ისვრის ტალღას;
სიღრმეს მალავს,
არის მტკიცე,
ვერ შეხვალ და –
გინდ შორიდან
ულაციცე.

ნიჟარაში
ტალღა იჯდა,
ზღვას ნაპირი
მოუსინჯა.
ნაპირზე ზის
კაცი მზეში,
სმენას ირთობს, –  
ბგერებს ეძებს
ნიჟარებში.

სიუხეშე
მიელულა, –
ვინ გაფანტა
ღრუბლის ქულა?
თვისტომს ათბობს 
გულის მზეში;
ახლად იშვა, –
ძველ ფიქრს იქრობს
სიახლეში.

თუკი მცირე
ძველიც ახლავს,
მასაც უმალ
განიახლებს;
მართალ სიტყვას
მზის სხივს ადრის, –
მოიცილა
მილიარდი
ხრწნადი დირე...

ძრწის ცხოვრება,
როგორც მხეცი,
დაბრმავების
შიშით გკეცავს;
იბრძვი მღერით,
მოძმის გჯერა,
თუ არა და –
ბგერას დარდი
გამოება.

ის ნერვმფლეთი
ბრჭყალით ეცა,
მათ, ვის გამოც  
კვლავ ვარ მტკიცე,
ვის სარკმელსაც
ჭვრეტით ვიცავ.
ნამყო ფრთას შლის, 
რა შუქია
ამ ძველ სახლში!

რა ზღვა ღელავს
სარკმლის მიღმა? 
რა ტალღას ფენს
ძველ პალიტრას?
როცა შვილი
სანთელს ანთებს,
ხარობს სახლი,
სიხარულში
ჩქეფს სიახლე.

ამ სიახლის
სანდო ფერით
არის დედა
ბედნიერი;
რას წერს მამა? –
კალმის წვერზე
აელვარდა
ფერადები
ცისარტყელის.

დის უწყვეტად
ზენა შუქი,
იგი დამთმენს
საქმეს უქებს,
სირცხვილს მალავს,
სევდას ფიქრს ა-
შორიშორებს,
დარად აქცევს
ბილწთ ქარბუქებს.

ფრთა გაშალე,
სიყვარულო –
შენ, სპეტაკო
თეთრო მტრედო,
ლაჟვარდ ცაში
აიყოლე
სურვილები,
მოყვასისთვის
სასიკეთო.

დედა ენავ, –
ენავ სრულო,
სალოცავო,
ცით ქართულო,
შენით ცოცხლობს
ჩემი ქვეყნის
გულის სიტყვა –
სათქმელი თუ
საიდუმლო...

თუ სტუმრად ხარ,
რად ალაღებ
სხვის წალკოტში
ვერცხლის წვიმას?
იწრიალა,
ვერცხლთან მიწვა,
იწივლა და – 
მასპინძელმა
მოირბინა.

თუ კარავი
დადგი მზეში,
რად ყრი ყინულს
სხვის კარვებში?
ძუნწს აწვალებს
თმენის ეშხი,
ვერცხლით ხარობს, –
თან სდევს ტანჯვა
სიამეში.

განამრავლა
მსმენელთ სია,
განდიდება 
შეესია.
რჩეულ მიხმეთ, –
თქვა, – იგემეთ
ჩემებური
ათი მცნება,
ვარ მესია.

მხდალს აკლების
შეეშინდა;
თქვა: მომისევს
მხეცთა ურდოს;
ვიზამ ისე,
როგორც უნდა –
და სინდისის
ერთი ფრესკაც
წაილეკა...

დახარხარებს
ქვეყნად ფული,
ღატაკზე თოკ-
გამობმული.
დრო კი მარცვლავს
წამებს რიდით,
ზღვას გახედავს
და ფეხს ფეხზე
გადაიდებს.

ზღვისკენ მიდი-
ოდა ქალი:
ტანნარნარა,
გულმღიმარი.
ოდეს ტალღამ
ლანდა თვალი,
გაეღიმა,
თქვა: ვინ არი,
ეს ალალი!

ზღაპარია?
იქნებ – არა!
ის ალალი
იქნებ ვინმემ
შეიყვარა?
იქნებ შეჰყვა
ვინმე ზღვაში?
იქნებ წაი-
ყვანა სახლში?

დრო ისედაც
ბევრს სვამს კითხვებს.
შენ ზღვის თვალებს
დაეკითხე, –
ყველაფერი
აქვთ ნანახი...
მაგრამ ახლა –
სხვა ზღაპარი,
სხვა არაკი...

ნაცნობ სარკმელს
აღებს კაცი,
ფერთა მწყემსი,
ფიქრმამაცი;
შორით მოჩანს
მზერა მყარი,
სამარადო
სილაღეში
მიმავალი.

ბავშვობაში,
როგორც ბუდე,
ჩვენ კარავი
ტყეში გვქონდა;
მზე გვაფენდა
სხივებს გულზე,
ფრთათა მზრდელი,
საალერსოდ
მოგუზგუზე.

მან გვარიდა
ეჭვთა წყება,
გამოზარდა
შთაგონება.
უცისფრესი
გაჩნდა ჰანგი.
ამო ჰანგო,
არასოდეს
დამეკარგო!

რა კარგია
ეს ცისფერი, –
ვაზთა მზრდელი,
წრფელთა მცველი,
იმით ვფიქრობთ,
იმით ვმღერით. 
ვთქვი: ამ ფერს გრძნობს,
მით საზრდოობს
ჩემი ერი...

კვლავ არაკი:
კაცმა მოცდა
იუარა,
მოწყდა კერას
და იარა...
ვინ თქვა: რაკა!
ის კარავი
ჟამმა ჩაა-
კარაბაკა...

ზღვას კლდე ვუქეთ,
თითქოს სიოც
ვაქარბუქეთ.
ვის ვაჩუქე
ის ნიჟარა,
ქარიშხლის დროს
ზღვის ტალღამ რომ
ჩემს მახლობლად
მოიტანა?..

სარკმელთან მდგომს
ვკადრე რიდით:
ვერ ვარ მშვიდი! 
სადაურსა
სად წაიყვანს
მომავლის გზა
ვუწყით განა? –
აი, ძველი
გამოცანა!

მიპასუხა:
ვიცი, მუდამ 
საჩუქარი
თან დამქონდა.
ვინ მიმზერდა,
როს ვუსმენდი
მის ლურჯ ბგერებს,
ზღვის ხმა რომ ა-
მშვენიერებს?

ვიღიმებით, –
იშლებიან
სივრცეები.
ცისკარს ვუმზერთ, 
ნამყოს ვითბობთ
დილის მზეში.
დრო განათდა, –
ვინ გვეწვია
სანთლით ხელში?

იდგა კრთომა
ნათელ ფერთა, –
მას მივენდეთ;
მივიზიდეთ
ერთმანეთი
თვალთა სხივით. 
სინამდვილე
ზოგჯერ მოდის
სიზმარივით...

სხივში ვრბოდით!
თქვენც გამოდით, –
ვერცხლით ნაწვიმს
გაცდით არეს.
მზის სხივები
დაგიბრუნებთ
ბავშვურ თვალებს,
ზეცა ისევ
იშრიალებს...

ძრწის ცხოვრება,
როგორც მხეცი,
დაბრმავების
შიშით გკეცავს,
თან სდევს დარდი,
არის უნდო.
ცას არ აცდე! –
კაცო, გზა არ
გაიმრუდო!

ტკივილი გაქვს
ისეც მწარე, –
სხვას სად მისდევ? –
შენს წალკოტში
გაიარე!
მოძალადის
რად გაქვს რიდი?
შენს ბავშვობას
რატომ ჰყიდი!

თუ ბავშვობას
ვიცავთ, ვუვლით,
გზები ცისებრ
ლაჟვარდდება,
ჩნდება სხივთა
თაიგული,
სტუმრად მოდის
სინანული –
გული თბება.

თბილი გულით
სახლს აივსებ.
თუკი სინამ-
დვილედ იქცა,
მატე ფერი,
შეიბერე,
სიხალისით
იგი ფერე
და დაიცავ!..

შენივ აწმყოს
და მომავლის
თვით ბრძანდები
ჟამთმხატვარი.
ხელთ იპყარი
დროთა ფუნჯი,
ხატე შენი
სამარადო
მომავალი.

ყველაფერს აქვს
თვისი ფერი.
მაგალითად:
ცას – ცისფერი,
ზღვას კი – ლურჯი;
მაგრამ შენთვის
შესაძლოა,
ცისფერობდეს
სიხარული.

ბავშვთა თვალებს
სიხარული
აცისკროვნებს,
აციალებს;
ცის სილაღე
მუდამ თან სდევს
ყმაწვილთ მზერას –
სიყვარულის
სიალალეს.

გაიქროლე,
ჩემო კარგო,
მახსოვრობის
ლურჯო რაშო,
ბავშვობიდან
მომიტანე
დროთა სარკე –
ზღვის ტალღებთან
სათამაშო!..

მხცოვან ხელით
ლამაზ სარკეს
ზღვას უშვერდა
კაცი ცერად,
ჟღერდა ლირა;
ტალღას ეთა-
მაშებოდა
გარუჯული
ზღვის ნაპირას...

იმ ლაღ ტალღას
ან რა დაღლის,
მოაქვს მუდამ
გრძნობა ახლის;
შარიშურობს,
ზღვა შრიალებს,
სიღრმეებში
აბრიალებს
ცისფერ თვალებს.

აკაშკაშებს
სურვილების
სიელვარეს
და მზერით ზრდის
ლაჟვარდ გრძნობებს;
ისეთივეს,
როგორც მაშინ, –
ბავშვობაში,
ბავშვობაში.

ზღვამ არ იცის
მოცდა, დაღლა,
მალი-მალე
ისვრის ტალღას;
სიღრმეს მალავს,
არის მტკიცე. 
ვერ შეხვალ და –
გინდ შორიდან
ულაციცე.