დღეს საგამოფენო სივრცე რომ ცვალებადია, ყველამ ვიცით, რადგან ახალ რეალობას ინოვაციური აზროვნება მოაქვს, თანაც ამ ახალი მიდგომების აღმოჩენას მედია საშუალებები და თვითონ, საგამოფენო-სამუზეუმო სტრუქტურის განვითარება, საგამოფენო სივრცის დიზაინში ახალი ხედვის გაჩენა უწყობს ხელს. მხატვარ ზურაბ კალანდაძის (კალანდა) საიუბილეო გამოფენაც ამის გამოხატულებაა. ქართველი მხატვრის ნამუშევრების ეს გამოფენა ქართულ სახვით ხელოვნების განვითარების გზასაც წარმოადგენს, რომელიც თანამედროვე გამოწვევებთან, იმ პროცესებთანაა შერწყმული, რომლებიც დღეისათვის, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ინტეგრირებულია ერთიან - საგამოფენო-სამუზეუმო სივრცეში და მზად არის კულტურებს შორის დიალოგისათვის. სწორედ ინფორმაციის გაცვლა, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ისე ხელოვნების დონეზე, ამ სივრცეში ხდება, სადაც წინა პლანზე გამოდის შემოქმედებითი პოტენციალის ის რესურსი, რომელსაც უკვე, განსხვავებულად, არასტანდარტულად შეუძლია იაზროვნოს. ახალი შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება სწორედ რომ კულტურათა შორის დიალოგის ახლებურ ფორმირებას იწვევს, შემოქმედს ეხმარება რომ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს და თან, მისი შემოქმედებითი სფეროს ფესვებსაც, ტრადიციებსა და წინა თაობების დამსახურებასაც შეახსენებს - მის განვითარებაში. ამ სწრაფცვალებად და განვითარებად სამყაროში, როდესაც შემოქმედი ქმნის თავის ნაწარმოებებს, ძალიან საინტერესო ხდება მხატვრის აღქმულისა და შექმნის პროცესის გაგება, დანახვა, თუნდაც შესწავლა, როცა ჩვენი სამიზნე ხდება - მხატვრის პიროვნების მახასიათებლები და თვისებები, მის მიერ მხატვრული ფასეულობების აღქმა, მათი გავლენა შემოქმედზე, თვით ხელოვანის შეგრძნებები, მის სულში გატარებული და დანახული სამყარო. თუ ზურაბ კალანდაძის ნამუშევრებს განვიხილავთ, მხატვრის მიერ სამყაროს კვლევა მის შემოქმედებით ექსპერიმენტებში ვლინდება, სადაც მისი კონცეფცია არა მარტო მოცემულ საკუთარ დაკვირვებებზე, ან თუნდაც თეორიულ ცოდნაზე იგება, არამედ მის შეგრძნებებში გატარებულ ამ ექსპერიმენტებით მიღებულ ფაქტორებზე. ზურაბ კალანდაძის შემოქმედებაში რამდენიმე მიდგომა იკვეთება: - როცა ის პეიზაჟებს ხატავს (საკითხია: რამდენად მისი აღქმის პროცესი ახლოსაა იმ რეალურად არსებულ ეტალონთან); ამ პეიზაჟებში, ალბათ, მთავარია დავინახოთ - მასზე ზემოქმედების პროცესში, როგორია შემოქმედის ინდივიდუალური ანალიზი და ბოლოს, აღქმის შემდეგ მიღებული მზა პროდუქტი - ნახატის სახით. - მხატვრის მიერ შექმნილი სურათის ემოციური მხარე - სადაც ზ. კალანდაძე თავის ემოციების, შეგრძნებების სუბლიმირებას ახდენს; - მის მხატვრობაში კარგად ჩანს აზრის, აზროვნების ტრანსლაციისადმი მიდგომა; - მხატვრის ნამუშევრებში გამოკვეთილად შეიმჩნევა სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტიპის დომინირება: ის ხან რაციონალური ფუნქციით ხასიათდება, ხან ირაციონალური, ხანაც ორივეს შერწყმით. ამიტომაცაა რომ ზურაბ კალანდაძის შემოქმედება მრავალფეროვანია და სხვადასხვაგვარ შეგრძნებას, ესთეტიკურ სიამოვნებას, იდუმალებას თუ განსხვავებულ აზროვნებას იწვევს. მხატვარი ხომ თავის იდეებს, აზრებს, გრძნობებს დებს ამ ნახატებში, რათა საკუთარ შემოქმედებაში - თვითგამოხატვა, თვითაქტუალიზაცია, პრეზენტაცია მოხდეს მისი სამყაროსი, მისი არსების. მხატვრის ფერწერული ტილოების გარკვეულ ნაწილში კარგად შეიმჩნევა არქეტიპული სახეების გადამუშავება-გადახარშვა და ტილოებში სიმბოლოდ ქცეული ფორმებით გადმოტანა. ზ. კალანდაძის ის ტილოები, ჩაფიქრებული ნაწარმოებები, სადაც მხატვარი ცდილობს გამოხატოს ემოციები სიმბოლოებით - მისი მხატვრული აღზრდის და ესთეტიკური განვითარების მაჩვენებელია. ხელოვნება ადამიანებს აღქმული სამყაროს მთლიანობაში შენახვაში ეხმარება, სიმბოლოები კი, რომლებსაც ამოუწურავი შინაგანი შინაარსი გააჩნიათ - გარეგნულ ფორმას იღებენ; ხანდახან ეს გარეგნული ფორმები შეიძლება ილუზორულიც იყოს და იმ ახსნას იღებენ, როგორიც ჩვენ გვე-ხელეწიფება, რამეთუ ეს სიმბოლოები ხან კონკრეტულია, ხან კი უსაზღვრო - დრო-სივრცეში, რადგან მასში გაერთიანებულია წარსული-აწმყო-მომავალი, ნახატებში გადასული ეს სიბოლოები ავტორის შინაგანი სულიერი ენერგიის მატარებელნი არიან. პოეზია და ლიტერატურა კი, ამავ დროს, ზურაბ კალანდაძეს ეხმარება - უფრო ღრმად ჩაიხედოს თავის სულში და დამუხტოს თავისი სურათები ამ გრძნობებით, ემოციებით. გასაგებია, რომ მხატვრული შემოქმედებითი პროცესი ინდივიდუალურია (ირაციონალურია თუ რაციონალური), როცა ეძიებ სტიმულს შემოქმედებისათვის, როცა ხდება მატერიალური ასახვა, ანუ ჩანაფიქრის მხატვრული განხორციელება. ასეთი კვლევით-ექსპერიმენტული შემოქმედებითი სტილის ძიებებს საბოლოო შედეგამდე - ნახატამდე მივყავართ, სადაც თვით შემოქმედის ფსიქოლოგიური ტიპიც კარგად ვლინდენა. გასაკვირი არცაა, რომ ზურაბ კალანდაძემ პოეზიას, ლიტერატურის კვლევასაც მიმართა. სწორედ მათთან შერწყმით, მათზე დაყრდნობით, მისი ნიჭიერების, მისი ფსიქოლოგიურ-შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა-განვითარება მოხდა. ვიცით, რომ პიროვნული მხატვრული ინტელექტის მხატვრულ პროცესთან შერწყმა და ამ პროცესით შექმნილი მხატვრული ნამუშევარი ავტორის ინდივიდუალურ შემოქმედებით სტილს, გემოვნებას, ტექნიკას განსაზღვრავს, რომლის სიღრმეშიც მხატვრის პიროვნული ფსიქოლოგიური ტიპი დევს. ზურაბ კალანდაძის მხატვრული შემოქმედება პიროვნების შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალებას იძლევა როგორც ინტელექტუალური, ისე ემოციონალური თვალსაზრისით. როგორც ვასილ კანდინსკი იტყოდა - ყველა ნაწარმოები თავისი დროის შობილია, რადგან იბადება მხატვრიდანო, ხოლო როცა მას მოწყდება, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებსო. ზურაბ კალანდაძის ხელოვნებას, პრაქტიკულად, ჩვენ საკაცობრიო ფასეულობების მისეულ სამყაროში შევყავართ, სადაც აღქმა და შეგრძნებები ერთმანეთთან გადაჯაჭულია და ობიექტური რეალობის გრძნობით გამოსახვად გვევლინება. ჩვენთვის, ადამიანებისთვის აღქმა და შეგრძნება ერთიანი და ამავ დროს, განსხვავებული ფორმებია, ჩვენი ცნობიერების ორი სხვადასხვა დამოკიდებულებაა - სინამდვილესთან. სწორედ ეს შეგრძნებები გვევლინება, როგორც ჩვენი ცოდნის საწყის წყაროდ - გარე სამყაროზე, ისე წყაროდ - ფსიქიკური განვითარებისათვის, რომელიც პიროვნების ახლებურ ჩამოყალიბებას ეხმარება და ხელს უწყობს მის ახლებურ გენერირებას. ეს რთული პროცესია და ხანგრძლივი, მაგრამ საინტერესო.